„აღმოჩნდა, რომ „პუბლიკის” მიერ დადებული ნიუსის გაზიარება იყო პრობლემა და ყველაფერი, რაც დღეს მოხდა, ამ საფუძვლით დევს საქმეში… ასევე, ის პირები, რომლთა მიმართაც ჯგუფურ ორგანიზებაზე იყო საუბარი და მიმართეს სასამართლოს, რომ ჩხრეკის განკარგულება გაეცათ, იქიდან ნახევარზე მეტს არ ვიცნობ, ცხოვრებაში არც ერთხელ არ მყავს ნანახი… წეღან გავიცანი სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გოგონა, სახელი და გვარიც არ ვიცი, ერთმანეთს გადავხედეთ… სავარაუდოდ, ჩხრეკა მასთანაც ჩატარდა. როგორც ვხვდები იმის გამო მხოლოდ, რომ სტუდენტურ შეკრებაზე და მარშზე, ეგ პოსტი დაწერა “დაიტოვეში””, - განაცხადა ილია ღლონტმა. ილია ღლონტის ბინაში პოლიცია 1 თებერვალს იყო შესული. ჩატარდა ჩხრეკა, წაიღეს ტექნიკა, ხოლო შემდეგ თავადაც პოლიციაში გადაიყვანეს. “მეორე წრეზე, ისევ ტექნიკის გარეშე მტოვებენ.. ეს ალბათ ძალადობის კიდევ ერთ-ერთი იარაღია”, - განაცხადა ილია ღლონტმა, რომლის სახლშიც ჩხრეკა 2024 წლის დეკემბერშიც ჩატარდა. “ამჯერად, წინასგან განსხვავებით, ლაივის გაშვების უფლება არ მომცეს, ტელეფონი ეგრევე ჩამომართვეს, სრულ იზოლაციაში ვიყავი, სახლში. საბოლოო ჯამში, თვითონ პრობლემა მდგომარეობს ამ რეჟიმის სისტემატურ უსამართლობაში, ყველანაირი მორალის ფარგლებიდან გასულები არიან… ასევე, ალბათ, ეძებენ ვიღაც ორგანიზატორებს. თვითონ არიან ამის ორგანიზატორები, ეს უნდა გვესმოდეს ყველას, იმიტომ, რომ მათ გადააბიჯეს ყველა სამართლებრივ ჩარჩოს, მათ შექმნეს ეს სიტუაცია ქვეყანაში და ისინი არიან დამნაშავეები იმაში, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. იმაში, რომ ხალხი თვითორგანიზებით მიდის ამ აქციებზე, ითხოვს მეტ და ფართო პროტესტს, ისინი არიან დამნაშავეები და ამ მოქმედებით ამას ვერანაირად ვერ გააჩერებენ”, - განაცხადა ილია ღლონტმა. 1 თებერვალს, პოლიცია ასევე შესული იყო ჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის ბინაში. მან პოლიციაში გაყოლაზე უარი განაცხადა და საბოლოოდ, ჩაბარდა უწყება - გამოკითხვაზე დაბარების შესახებ. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ასევე ისაკო დევიძის სახლში. მოგვიანებით, ის პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. რადიო თავისუფლებას შსს-ში განუმარტეს, რომ სამართალდამცველებმა, თბილისის მასშტაბით, "სხვადასხვა ლოკაციაზე" ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, ასევე ცალკეული პირების სავარაუდო დაკავების შესახებ. 2 თებერვალს, 16:00 საათისთვის "თბილისი მოლთან" აქციაა დაგეგმილი. ინიციატორები გზის რამდენიმე საათით გადაკეტვას გეგმავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს 2 თებერვალს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს, რომ “თავი შეიკავონ კა...