ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მომავალს მისი ხელმძღვანელების გათავისუფლების შემდეგ გადაწყვეტს. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს 2 თებერვალს, ღამით განუცხადა. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, სააგენტოს „რადიკალი გიჟები“ მართავენ, მათ გაუშვებენ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ. USAID-ი, რომლის წლიური ბიუჯეტი თითქმის 43 მილიარდი დოლარია, პასუხისმგებელია უცხოეთის ქვეყნებისთვის აშშ-ის დახმარების მართვასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობაზე. 2025 წლის იანვარში დონალდ ტრამპმა USAID-ის პროგრამები 90 დღით შეაჩერა აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მათი შესაბამისობის დადგენამდე. ასევე ნახეთ აშშ-ის დახმარება დაპაუზდა - რას ნიშნავს ეს მსოფლიოსთვის, საქართველოსთვის? კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელმა, მილიარდერმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა, რომელიც დონალდ ტრამპმა ახალი, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დანიშნა, 2 თებერვალს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ USAID-ი „კრიმინალური ორგანიზაციაა“ და მისი „სიკვდილის დროა". ბოლო დღეებში USAID-ის ათეულობით თანამშრომელი შვებულებაში გაუშვეს. ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალჩინოსანიც. მათ სააგენტოს სისტემებზე წვდომისა და საიდუმლო ინფორმაციის მიცემაზე უარი უთხრეს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომლებიც USAID-ის ვაშინგტონის ოფისში შესვლას უნებართვოდ ცდილობდნენ და უარის გამო სამართალდამცავების გამოძახებით იმუქრებოდნენ. გავლენიანმა დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა დეპარტამენტის ქმედებებს უპრეცედენტო უწოდა და მოითხოვა დაუყოვნებლივ რეაგირება ეროვნული უსაფრთხოებისთვის მოსალოდნელ შედეგებზე. შაჰინის ინფორმაციით, 3 თებერვალს სენატორების ორპარტიული ჯგუფის შეხვედრას მოიწვევენ. გასული კვირის ბოლოს გაითიშა USAID-ის ვებსაიტიც. ასევე ნახეთ სპეცოპერაცია „რევოლუციის სპონსორი“ - რა ბედი ეწია წინასაარჩევნო გამოძიებას ამერიკული ორგანიზაციების წინააღმდეგ? „ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომელსაც იმედი აქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკიდურესად გაუარესებულ ურთიერთობებს გააუმჯობესებს და შეჩერებულ სტრატეგიულ პარტნიორობას აღადგენს, USAID-ის მიმართ ახალი ადმინისტრაციის კრიტიკას თავისი მიზნებით იყენებს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გასულ ღამით სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ USAID-მა საქართველოსთან მეგობრობის გამყარების ნაცვ...