ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა ღია წყაროებზე დაყრდნობით შეძლეს დაედგინათ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპული, სულ მცირე, 91 059 რუსი სამხედროს სახელები. ეს ინფორმაცია გამოქვეყნებულია "ბიბისის" რუსული რედაქციის და "მედიაზონის" მიერ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში სიას 2 333 სახელი დაემატა. მკვლევრები სიის შევსებისას ეყრდნობიან ინფორმაციას ღია წყაროებიდან - მედიიდან, სახელმწიფო რეესტრებიდან, ადგილობრივი ადმინისტრაციების განცხადებებიდან, ოჯახის წევრების მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული შეტყობინებებიდან, სასაფლაოთა მონაცემებიდან. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რეალური დანაკარგები შესაძლოა ბევრად მაღალი იყოს, რადგან ჟურნალისტთა ანალიზი, სავარაუდოდ, დაღუპულთა მხოლოდ 45-65 პროცენტს მოიცავს. ბევრი დაღუპულის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ არის. გამომცემლობა "მედუზა" რუსეთის შესაძლო დანაკარგებზე თავის კვლევას აწარმოებს და ამ პროცესში ეყრდნობა მემკვიდრეობის შესახებ რეესტრს. ეს წყარო 120 ათასამდე დაღუპულის თაობაზე იძლევა ინფორმაციას. დაღუპულების და დასაფლავების ცერემონიების შესახებ მონაცემთა უდიდესი ნაწილი მოდის ბაშკირეთზე, თათრეთზე, ეკატერინბურგზე, პერმის მხარეზე, ჩელიაბინსკზე, ყუბანსა და მოსკოვის ოლქზე. თუმცა ეს შესაძლოა აიხსნებოდეს იმით, რომ მონაცემთა შემგროვებელი მოხალისეები ამ რეგიონებში ყველაზე აქტიურები არიან. "მედიაზონა" ასევე აქვეყნებს გამოკვლევას, რომლის თანახმადაც, 2024 წელს რუსეთის სასამართლოებში შევიდა ადამიანთა დაკარგულად ან დაღუპულად ცნობის რეკორდულად მაღალი რიცხვის განაცხადები უახლეს ისტორიაში - 20 040. გამოცემის თანახმად, განაცხადები მასობრივად შეაქვთ სამხედრო დანაყოფების მეთაურებს, რომლებიც ჯარის შემადგენლობის სიებს "წმენდენ" მათგან, ვინც, დიდი ალბათობით, ფრონტზე დაიღუპა, თუმცა სიკვდილი ოფიციალურად დადასტურებული არ არის. რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად არ ავრცელებს ინფორმაციას ფრონტზე განცდილი დანაკარგების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2024 თებერვალში იუწყებოდა, რომ უკრაინის არმიამ 31 ათასამდე ადამიანი დაკარგა ომის დაწყების შემდეგ. პროექტი UALosses-ი ღია წყაროებზე დაყრდნობით მაშინ 42 ათას დაღუპულზე იუწყებოდა, ახლა კი მოკლული უკრაინელი სამხედროების რიცხვს 63,5 ათას ადამიანამდე აფასებს. დასავლური დაზვერვის შეფასებით, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის დანაკარგი არის ასობით ათასი დაღუპული და დაჭრილი, ამავდროულად რუსეთის დანაკარგი უფრო მაღალია. ასევე ნახეთ "დიდი დანაკარგები": ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინის ომის ფრონტის ხაზიდან გაქრნენ ...