კოლეგიის მიერ, "ქართული ოცნების" ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი 4 თებერვალს "ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე" მოხსენებით წარდგა სადაო პარლამენტის (მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი.) წინაშე. თავის მოხსენებაში მან "თავსმოხვეულ ხელოვნურ პოლარიზაციაზე" ისაუბრა და მიმართა ახალგაზრდებს, რომლებსაც, ყაველაშვილის სიტყვებით, "სამწუხაროდ, ამ პროცესში აქტიურად იყენებენ". 69-დღეა, საქართველოში არ წყდება პროევროპული აქციები, ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. აქციებს "ქართული ოცნების" გუნდი გარედან "გლობალური ომის პარტიის" მიერ მართულად მიიჩნევს და კანონებს ამკაცრებს. საკანონმდებლო ცვლილებებს აქტივისტები და საერთაშორისო პარტნიორები გამოხატვის უფლების შემზღუდველად აფასებენ, "ქართული ოცნება კი "სახელმწიფოს გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებლად" მიიჩნევს. "კარგად მახსოვს ჩემი თავი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვიცი, რამდენად მოჭარბებულია ემოციები ამ პერიოდში, რამდენად იმპულსური, მეამბოხე და ფეთქებადი ხარ, როგორი მძაფრია შეფასებები და განწყობა ამა თუ იმ საკითხის მიმართ. სწორედ მსგავს ემოციებზე თამაშობენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები. ჩემთვის წარმოუდგენელია, არსებობდეს ქართველი ადამიანი, ვინც არ ეთანხმება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვას, ქვეყნის განვითარებას და კეთილდღეობას. თუკი არსებობს ასეთი ადამიანი, ის არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს", - თქვა ყაველაშვილმა. მისი სიტყვებით, "განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, წარმოუდგენელია" ქართველები "ერთმანეთის მტრები" იყვნენ, ამიტომ აუცილებლად უნდა შეძლონ ერთმანეთთან დიალოგი. "ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი შეცდომის დანახვა და აღიარება და სიმართლისთვის თვალის გასწორება. ჩვენ განსხვავებულობის მიუხედავად, მოგვიწევს გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება, ამიტომ უნდა შევძლოთ რეალობისთვის თვალის გასწორება და ერთმანეთთან დიალოგი. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაჯობოთ სიბრაზეს საკუთარ თავში, მოვახერხოთ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. განსხვავებულობის მიუხედავად, უნდა დავდგეთ ერთად და დავიცვათ ჩვენი ღირებულებები", - თქვა ყაველაშვილმა. დიალოგის აუცილებლობაზე საუბრის პარალელურად, „ქართული ოცნების“ პარლამენტი გეგმავს, დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობა გაამკაცროს. კერძოდ, გაზარდოს ჯარიმები და პატიმრობის ვადა. „ქართულმა ოცნებამ“...