პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით გასული წლის 1 დეკემბერს დაკავებულების, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო სხდომა ლომიძის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ბრალებით დაკავებული დავით ლომიძის ადვოკატის, დიმიტრი ვარდიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რის გამოც სხდომაზე ვერ გამოცხადდა. შედეგად საქმის არსებითი განხილვა გადაიდო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს პენიტენციურმა სამსახურმა გადასცა ოქმი, რომელშიც წერია, რომ დავით ლომიძეს არ სურს სასამართლოში გამოცხადება და უარს აცხადებს დისტანციურ ჩართვაზე. ამას გარდა, აღნიშნულია, რომ ეს ადამიანი გადაყვანილია მე-18 დაწესებულებაში - ციხის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოსვლაზე უარს კი არ აცხადებს, არამედ ფიზიკურად არ შეუძლია. ეს კი პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მიერ მოტანილ დოკუმენტებში ასახული არაა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სხდომაზე არგამოცხადება დავით ლომიძის სურვილია. დიმიტრი ვარდიაშვილმა თქვა, რომ დავით ლომიძე ბოლოს 2025 წლის 16 იანვარს ნახა და მაშინ უკვე უჭირდა გადადგილება ხერხემლისა და ფეხის ტკივილის გამო. მას სხეულის ამ ნაწილებზე ოპერაცია აქვს გაკეთებული, ტკივილების გააქტიურებას კი ადვოკატი უკავშირებს პოლიციელების მხრიდან ძალადობას დაკავების დროს. „2025 წლის 16 იანვარს შევხვდი, როცა ჯერ კიდევ გადაადგილდებოდა, მაგრამ უჩიოდა ტკივილს ფეხისა და ხერხემლის არეში. ამ ადამიანს დაუმძიმდა მდგომარეობა და ვერ ახერხებდა გამოსვლას და შეხვედრას. ვფიქრობთ, რომ ნაოპერაციები ადგილის ტკივილის პროვოცირება მასზე განხორციელებულმა ძალადობამ გამოიწვია”, - თქვა ადვოკატმა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ადვოკატს რამდენიმე დღე მისცა ბრალდებულის მოსანახულებლად და მისი მდგომარეობის შესაფასებლად. ამის გამო სხდომა 14 თებერვლამდე გადაიდო. სასამართლო პროცესებზე დასწრება ბრალდებულის უფლებაა. მას ასევე აქვს უფლება, მოითხოვოს სწრაფი მართლმსაჯულებაც. დავით ლომიძესთან ერთად "მოლოტოვის კოქტეილის" სროლას ჯგუფურად ედავებიან თემურ ზასოხაშვილსაც. ის ყველა სხდომას ესწრება. ასევე ნახეთ ანრი, მათე, საბა, ანატოლი და სხვები - რას ედავებიან პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებს? 53 წლის დავით ლომიძე პოლიციამ 2024 წლის 1 დეკემბერს აქციაზე ჯერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა. მას ბრალი პოლიციის სამმართველოში მიყვანიდან 48 საათში დაუმძიმეს, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული პატიმრობისთვის კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადა სრულად ამოეწურა. ლომიძეს ბრალად ედება 1 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თან...