უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში, რომელიც 4 თებერვალს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ თანახმა იქნებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე, რათა დასრულდეს თითქმის სამწლიანი ომი. მან კომენტარი გააკეთა მოლაპარაკების დაწყების მოლოდინის ფონზე დონალდ ტრამპთან, რომელსაც პირობა აქვს დადებული, რომ სწრაფად დაასრულებს ომს უკრაინაში და რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდა უკრაინაში მოსკოვის შეჭრის მესამე წლისთავის წინ. ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ზელენსკის ინტერვიუ YouTube-ზე გამოქვეყნდა. შეკითხვაზე, როგორ იგრძნობდა თავს პუტინის წინ რომ იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ „თუ ეს ერთადერთი ვარიანტია, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს მშვიდობას მოუტანს და აღარ დავკარგავთ ხალხს, მაშინ ცხადია, ამ ვარიანტს დავთანხმდები“ და დასძინა, რომ ის „ოთხ მონაწილესთან ერთად იქნება.“ ზელენსკის არ დაუზუსტებია, ვინ იქნებიან ეს მონაწილეები, თუმცა მორგანმა მანამდე ილაპარაკა ოთხი ჰიპოთეზური მონაწილის: რუსეთის, უკრაინის, ევროკავშირისა და აშშ-ის მოლაპარაკებაზე. „მე მის მიმართ არ ვიქნები კეთილი, მას მტრად მივიჩნევ. გულწრფელად რომ თქვა, ისიც მტრად მიმიჩნევს“, - თქვა უკრაინის ლიდერმა. გასულ კვირაში პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი თანახმაა უკრაინასთან მოლაპარაკებაზე, მაგრამ გამორიცხა ზელენსკისთან პირდაპირი საუბრის შესაძლებლობა. ბრძოლის ველზე ორივე მხარე ცდილობს უპირატესობის მოპოვებას მოლაპარაკების წინ, რომელიც ჰიპოთეზური რჩება. კიევს უჭირს რუსეთის ჯარების შეკავება, ზელენსკიმ კი აღიარა, რომ უკრაინას გაუჭირდება რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების ნაწილის დაბრუნება. „სამწუხაროდ, მხარდაჭერა, რომელსაც გვიწევენ ჩვენი პარტნიორები, არასაკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიებიდან პუტინი მთლიანად განვდევნოთ,“ - თქვა ზელენსკიმ ინტერვიუში. ასევე ნახეთ ზელენსკიმ სახიფათო უწოდა პუტინისა და ტრამპის მოლაპარაკებებს უკრაინის გარეშე ...