უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ჯერ არ აქვს უკრაინაში ომის დასრულების ოფიციალური გეგმა. რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ოდილ რენო-ბასოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, კიევში, ზელენსკიმ თქვა, რომ დარწმუნებულია, გეგმა ოფიციალურად ჯერ არ არსებობს: „ის, რაც ამა თუ იმ პუბლიკაციაში გამოჩნდა, მაინც დარწმუნებული ვარ, შეიძლება ვცდებოდე, არ არის პრეზიდენტ ტრამპის ოფიციალური გეგმა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდები ერთად იმუშავებენ. არ შეიძლება არსებობდეს ვინმეს მხრიდან ცალკე გეგმა, თვით აშშ-ის მხრიდანაც კი, - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, - დაველოდოთ ჩვენს ოფიციალურ მოლაპარაკებას და ოფიციალურ შედეგებს“. ზელენსკის თანახმად, აქვს თავისი ხედვა გეგმაზე და კონკრეტული საკითხები ამერიკის მხარესთან ერთად ჯერ კიდე ტრამპის ინაუგურაციამდე განიხილეს. მისი თქმით, ტრამპი იცნობს საკითხებს, რომლებშიც უკრაინელი ხალხი დათმობაზე არ წავა, ანუ მან იცის უკრაინის პოზიცია. რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად ზელენსკიმ თქვა, რომ ემზადება ამერიკელ პოლიტიკოსებთან შესახვედრად, მაგრამ არ დაუზუსტებია, ვის ხვდება და როდის. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს მასთან ლაპარაკისა „ეშინია“. „პუტინს, პრინციპში, ჩემთან ომის დასრულების შესახებ ლაპარაკისა ეშინია. არ ვიცი, რატომ. ზრდასრული ადამიანია, მაგრამ ჩემთან მარტო დარჩენისა ეშინია. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ტრამპი აიძულებს მას, ომი დაასრულოს“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა, უარყო ცნობა, რომ მიუნხენის კონფერენციაზე ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ წარადგენს, როგორც ამაზე Bloomberg-ი იუწყებოდა. კელოგი ჩავა კონფერენციაზე და როგორც თვითონ განაცხადა, „ილაპარაკებს ტრამპის მიზნებზე, დასრულდეს სისხლისმღვრელი და ძვირადღირებული ომი უკრაინაში“, - დაწერა მან Х-ზე. Radio NV-მ გაავრცელა ცნობა, რომ კელოგი მიუნხენამდე უკრაინაში აპირებს ჩასვლას, მაგრამ ოფიციალურად ეს არ დაუდასტურებიათ. ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში ზელენსკიმ 4 თებერვალს თქვა, რომ „მზად არის მიიღოს მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებაში პუტინთან ერთად, თუ ეს „ერთადერთი ვარიანტია, რომლითაც შევძლებთ მშვიდობა მოვუტანოთ უკრაინის მოქალაქეებს.“ კრემლში ზელენსკის სიტყვებს „ცარიელი“ უწოდეს. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის თანახმად, პუტინმა 20 იანვარს გაიმეორა, რომ კრემლი მზად არის აშშ-სთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მიანიშნა, რომ ინარჩუნებს თავის მოთხოვნას უკრაინის სრული კაპიტულაციის შესახებ. ასევე ნახეთ აშშ-ს უკრაინაში არჩევნები სურს: მშვიდობისკენ წინსვლა თუ საჩუქარი პუტინს? ...