ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, გაამკაცროს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები, განსაკუთრებით ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სფეროში. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ს განუცხადა უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა. კელოგის თქმით, აშშ რუსეთზე სანქციებით ზეწოლას სხვა ქვეყნებზე უფრო აქტიურად იყენებს, თუმცა აღსრულებას ათიდან მხოლოდ სამი ქულით შეაფასებდა. პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა გააკრიტიკა პრეზიდენტ ბაიდენის სტრატეგია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაეწია იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნებოდა, მაშინ, როცა კელოგის შეფასებით, ეკონომიკური და დიპლომატიური მიმართულებებით ზეწოლის გაძლიერება არ ხდებოდა. ასევე ნახეთ უკრაინას ამერიკული იარაღი სჭირდება. ტრამპს სანაცვლოდ იშვიათი მინერალები სურს უკრაინის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მთავარი პრიორიტეტი აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაა. კით კელოგის ინფორმაციით, გასულ ხუთშაბათს პრეზიდენტმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართა შეხვედრა ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან და იყო მსჯელობა, როგორ უნდა გამოიყენონ რესურსები უკრაინაში ომის დასასრულებლად. კელოგის თანახმად, ამ საკითხზე მუშაობის პროცესში ჩართული არიან სახელმწიფო მდივანი, ფინანსთა მინისტრი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტი და თავად პრეზიდენტი. ასევე ნახეთ ზელენსკი აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე: ჩვენი გუნდები ერთად იმუშავებენ 6 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის ახალი მინისტრი პამელა ბონდი აუქმებს ოპერატიულ ჯგუფს, Kleptocapture-ს, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტში შექმნა და მისი ამოცანა იყო რუსი ოლიგარქებისთვის დაწესებული სანქციების დაცვის უზრუნველყოფა. ახალი მინისტრის პოლიტიკაა, რომ იუსტიციის სამინისტროს მთელი ძალა და რესურსი მიმართული უნდა იყოს ნარკოკარტელებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. ...