აშშ-ის სენატმა რასელ ვოუტი თეთრი სახლის ბიუჯეტის სამმართველოს ხელმძღვანელად დაამტკიცა. ეს უწყება გეგმავს ფედერალურ ბიუჯეტს და თვალყურს ადევნებს მის შესრულებას. ამის შესახებ იტყობინება The Washington Post-ი. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა ვოუტის გარშემო დებატები გვიან ღამემდე გაწელეს, რათა სენატორები გადაერწმუნებინათ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს - ვოუტის კანდიდატურას 53 რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი. კონგრესის ზედა პალატაში მათ უმრავლესობა აქვთ. ვოუტს ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში უკვე ეკავა ეს თანამდებობა, ხოლო შემდგომ სხვა კონსერვატორებთან ერთად იყო ჩართული „პროექტი 2025-ის შემუშავებაში“. ამ დოკუმენტში ლაპარაკია აშშ-ის ფედერალური მთავრობის გარდაქმნის აუცილებლობაზე. ვოუტი ეთანხმება ახლანდელი პრეზიდენტის კონცეფციას, შემცირდეს ხარჯები ყველა სააგენტოსა და პროგრამაში, თავდაცვითის გარდა. ბოლო წლებში ის გამოდიოდა სახელმწიფო, მათ შორის სოციალური პროგრამების მკვეთრი შემცირების მომხრედ. ეს სოციალური პროგრამები ეხმარება ღარიბებს, მიიღონ სამედიცინო მომსახურება, საკვები და განათლება. ვოუტი თვლის, რომ სახელმწიფოს „აღარ შეუძლია მეტი ვალების აღება“. ვოუტი ასევე ემხრობა იდეას, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საშუალება, ცალმხრივად შეაჩეროს ფედერალური ხარჯები მაშინაც კი, თუ მათ კონგრესმა მხარი დაუჭირა. დემოკრატები შიშობენ, რომ ეს აშშ-ის ხელისუფლებაში კონტროლის და წონასწორობის სისტემას დაარღვევს. ვოუტს თეთრ სახლში დაბრუნების პირველ დღეებშივე მოუწევს, თავიდან აიცილოს მთავრობის მუშაობის შეჩერება დაუმტკიცებელი ბიუჯეტის გამო და ვალების დეფოლტი - რისთვისაც მას რამდენიმე კვირა აქვს, მარტის შუა რიცხვებამდე. ...