„მშვიდობიანი მომიტინგეები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავიანთი ფუნდამენტური უფლებების განხორციელების გამო [ხელისუფლების] სამიზნეში მოხვდნენ“, - აცხადებს კაია კალასი და მზია ამაღლობელს გამოჰყოფს: „ამჟამად დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შემთხვევა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ჟურნალისტებს და ყველას, ვინც თავისუფლად საუბრობს“. „მზია, რომელიც შიმშილობს, ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“, - აცხადებს კაია კალასი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი. ის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, „გაათავისუფლონ ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკურ ნიადაგზე უსამართლოდ დაკავებული ადამიანი“. ასევე ნახეთ გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებული ყველა ჟურნალისტი და აქტივისტი - კაია კალასი მზია ამაღლობელის საქმე მზია ამაღლობელი 27-ე დღეა, შიმშილობს. იგი 5 თებერვალს რუსთავის მე-5 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა, რომელიც 7 თებერვალს კლინიკაში მოინახულა ამაღლობელი, თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას და აგრძელებს შიმშილობას. „მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს. მას აქვს სურვილი, რომ პროცესზე თავად იყოს. პროცესი დანიშნულია 4 მარტს. არ ვიცი, რამდენად იქნება ეს შესაძლებელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით“, - განაცხადა მწარიაშვილმა. 6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ექიმთა ჯგუფი შექმნა მზია ამაღლობელის საქმეზე. მზია ამაღლობელს, - რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, - კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები საქართველოსა და საზღვარგარეთ პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ. ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. ...