შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდოვანიძემ, ფეიქრიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქურდოვანიძე მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გიორგი ფეიქრიშვილის ცხედარი საგარეჯოდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში მდებარე სოფელ ანთოკში, დაუსახლებელ ადგილზე იპოვეს. მოკლულის მამამ იოსებ ფეიქრიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მკვლელობის მოტივი დიდი უთანხმოებაა, თუმცა რა - არ დააკონკრეტა. "მწყემსმა იპოვა ცხედარი. როგორც მეუბნებიან, შეიძლება მანქანაში მოკლეს და შემდეგ იქ გადააგდეს. ჩემი შვილი 7 თებერვალს 14:00 საათზე გავიდა სახლიდან. ალბათ მალევე შეხვდა იმ პირს, რომელმაც შემდეგ მოკლა. ჩვენ 16:00 საათზე გაგვაგებინეს ამბავი. ტყვიით არის მკვდარი, გულში აქვს მოხვედრილი. სხვა არაფერი არ ვიცით", - ამბობს იოსებ ფეიქრიშვილი. რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, საგარეჯოს მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელია. დაკავებულის ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ...