დღეს, 10 თებერვალს, დილის შვიდის ნახევრისთვის როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა „წარმატებით მოიგერიეს“ შეტევა მილეროვოს რაიონზე და უპილოტო საფრენი აპარატები „გაანადგურეს“. გუბერნატორის წინასწარი მონაცემებით, ხმელეთზე არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. მილეროვოს რაიონში მდებარეობს სამხედრო აეროდრომი, სადაც დისლოცირებულია სუ-ს ტიპის გამანადგურებლები. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ აეროდრომს არაერთხელ შეუტიეს, მათ შორის 2024 წლის აგვისტოშიც. 10 თებერვალს, შუაღამის შემდეგ, აფეთქებები იყო კრასნოდარის მხარის აფიპსკის რაიონშიც. რუსეთის ამ რეგიონის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, „ჩამოაგდეს“ დრონი, რომლის ნამსხვრევებმა კერძო სახლი დააზიანა. მანამდე გუბერნატორი იუწყებოდა, რომ დრონებით შეტევა „მოიგერიეს“ ქალაქ კრასნოდარზეც, სადაც ნამსხვრევებმა დააზიანა 19-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის ტექნიკური სართული. აფიპსკის რაიონში მდებარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც არაერთხელ იყო უკრაინის დარტყმის სამიზნე. კრასნოდარის მხარე რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც უკრაინა ხშირად უტევს სამხედრო ობიექტებს და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. გასულ კვირაშიც, 5 და 6 თებერვალს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ დრონებით დაარტყეს კრასნოდარის მხარის დაბა ნოვომინსკაიაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკში მდებარე სამხედრო აეროდრომს. ასევე ნახეთ დრონებით შეტევა იყო რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა დარტყმა რუსეთის სამხედრო აეროდრომზე დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ზოგადი ცნობა, რომ ღამის განმავლობაში კრასნოდარის მხარეში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს" შვიდი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო როსტოვის ოლქში - ორი. ამ ინფორმაციის მიხედვით, კიდევ სამი დრონი მოიგერიეს ბრიანსკის ოლქში და თითო-თითო ბელგოროდის და კურსკის ოლქებსა და ყირიმში. რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებსა და საწვავის საცავებს. ...