როგორც მისი ერთ-ერთი ადვოკატი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მოითხოვს, კვლევების ჩატარების შემდეგ დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში. ნონა ქურდოვანიძე კლინიკა „ვივამედში“ დღეს, 10 თებერვალს, დილით მივიდა. „ის აგრძელებს სრულ შიმშილობას და რჩება დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით. თუმცა მისი პოზიცია ასევე არის უცვლელი, რომ მოითხოვს დააბრუნონ უკან, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული სამედიცინო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით და არ არის აქ მხოლოდ მისი სურვილი. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია, რა თქმა უნდა, სამედიცინო ჩვენება როგორი იქნება“, - თქვა ადვოკატმა. მანვე აღნიშნა, რომ დღეს ჩატარებული დამატებითი კვლევების შედეგებით გადაწყდება, დატოვებენ მზია ამაღლობელს კლინიკაში თუ დააბრუნებენ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. მზია ამაღლობელს, - რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, - პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, - რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს - 4 თებერვალს, შიმშილობის 24-ე დღეს, ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. „მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება. ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ...