საქმე აღიძრა მოძრაობა წარმომადგენლების მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე. ვის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, ამის შესახებ განცხადებაში საუბარი არ არის. მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, რომელიც ხშირად იმეორებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გზავნილებს, 2024 წლის 10 ივლისს დაფუძნდა. ამ ორგანიზაციის განცხადებებს ხშირად ავრცელებენ ხელისუფლებასთან აფილირებული მედიასაშუალებები. „ისინი ბოლო წლებში და განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა“, - წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში. სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბოტაჟი), 19,318-ე მუხლის მეორე ნაწილით (საბოტაჟის მცდელობა) და 319-ე მუხლით (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) აღძრული საქმის გამოძიებაში ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებიც. ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 5-დან 10 წლამდე და 7-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შესახებ მოძრაობის დამფუძნებლები არიან ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოსთვის“, წარმომადგენლები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი და სატყეო დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ბიძინა გიორგობიანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ნიკოლაიშვილი. მოძრაობას ასევე შეუერთდა პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე. ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები მიიჩნევენ, რომ „საქართველო უნდა გათავისუფლდეს ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობისგან“. მოძრაობის სამიზნე, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არიან პოლიტიკური პარტიების, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“, ლიდერები მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია. „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ორივე პოლიტიკოსს ჯაშუშებს უწოდებს და მათი ამომრჩევლების პასუხისმგებლობის დაყენების წინადადებითაც გამოდის. ასევე ნახეთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლების გასამართლებას მოითხოვს 2014 წლიდან მოყოლებული, „ქართულმა ოცნებამ“ ათამდე საქმე დაიწყო ამბოხება-შეთქმულების მუხლით. მათ შ...