ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაკავებული, 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ციხეში, ისე რომ მას ინფორმაცია არ ჰქონდა, შეხვდა ადვოკატი, დავით გამყრელიძე და არწმუნებდა დანაშაული ეღიარებინა. ადვოკატი დავით გამყრელიძე ჯავახიშვილის მონახულებას ადასტურებს, საპროცესოს შეთავაზებას უარყოფს და აქციების დროს დაკავებულების საქმეების იურისტებს პოლიტიზირებაში ადანაშაულებს. „მოშიმშილე ნიკოლოზ ჯავახიშვილთან შევიდა ადვოკატი დავით გამყრელიძე ოჯახთან შეუთანხმებლად (რაც კანონის დარღვევა)და სთხოვდა ეღიარებინა დანაშაული და ხელი დაედო ბიჭებისთვის ეს ინფო მომაწოდა ჩემა დაცვის ქვეშმყოფმა მაქვს მტკიცებულებაც“, - დაწერა ფეისბუქჯგუფ „დაიტოვეში“ ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა და გაასაჯაროვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ხელით დაწერილი წერილი. ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილი, რომელიც 19 თებერვლით თარიღდება ნიკოლოზ ჯავახიშვილი წერს, რომ მას ადვოკატი, დავით გამყრელიძე 7 თებერვალს ესტუმრა და არა მხოლოდ დანაშაულის აღიარება, არამედ „სხვებისთვის ხელის დადება“ ურჩია. „ჩემთან 7 თებერვალს შემოსული იყო ვინმე დავითი, გამეცნო როგორც ადვოკატი, რომელიც არ იყო ჩემი ოჯახის მიერ დაქირავებული ან შემოგზავნილი. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მარწმუნებდა, რომ მეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია და სხვებისთვის დამედო ხელი. რა თქმა უნდა მან ჩემი დარწმუნება ვერ შეძლო ასეთი არაკაცური საქციელის ჩადენის და ტყუილად დანაშაულის საკუთარ თავზე დაბრალების, როცა მსგავსი არაფერი ჩამიდენია. არ ვიცი, რა მოტივი ჰქონდა ამ ადამიანს, ან რა განზრახვა ამოძრავებდა“, - წერს ნიკოლოზ ჯავახიშვილი. ის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 30 ნოემბერს დააკავეს. პროკურატურა პიროტექნიკის სროლას ედავება. ნიკოლოზი დიჯეია, ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. საქმის მიმდინარეობისას დუმილის უფლებას იყენებს. ასევე ნახეთ ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვის და რას ედავებიან პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ბიჭი, რომელიც ყავისფერპლედ და საქართველოს დროშაშემოხვეული გარბის პიროტექნიკით ხელში და ისვრის მას. პროკურორის მტკიცებით სწორედ ისაა ჯავახიშვილი. ადვოკატ, გუჯა ავსაჯანიშვილს კი მიაჩნია, რომ ეს ვიდეოჩანაწერი მტკიცების სტანდარტს ვერ უძლებს, რთულია იდენტიფიცირება და არ არის სრული. ნიკოლოზ ჯავახიშვილის თქმით, მეშვიდე დღეა შიმშილობს და ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს პოლიციელისთვის სილის გაწვნისთვის დაკავებულ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს, რომელიც ასევე შიმშილობს, უკვე 30 დღეა. ის მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის გამოსაცხადებლად ერთხელ უკვე შიმშილობდა ჯგუფურ ძალადობაში კიდევ ერთ ბრალდებულ, რევაზ კიკნაძესთან ერთად, თუმცა ჯან...