უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებს დაავალეს, სასტიკად მოჰპყრობოდნენ უკრაინელ ტყვეებს და მათ წინააღმდეგ ძალადობა გამოეყენებინათ - ვკითხულობთ გამოძიებაში, რომელიც გამოცემა The Wall Street Journal-მა ჩაატარა. უკრაინელი ტყვეების წამების შემთხვევები დადასტურებულია გაეროს მიერ. გამოცემის თანახმად, სასჯელაღსრულების სამსახურის სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქების დანაყოფების ხელმძღვანელმა იგორ პოტაპენკომ უწყების ელიტური ქვედანაყოფების თანამშრომლებს (სავარაუდოდ, სპეცრაზმის წევრებს) დაავალა სისასტიკის გამოვლენა ტყვეების მიმართ. მან აღნიშნა, რომ ძალადობა არ იქნებოდა შეზღუდული, ხოლო სხეულზე დამაგრებულ კამერებს, რომლებსაც წამების დაფიქსირება შეეძლოთ, არ გამოიყენებდნენ. შემდგომ ეტაპზე ანალოგიური ინსტრუქციები მიიღეს სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებმა სხვა რეგიონებშიც - მათ შორის ფსკოვში, მოსკოვში, ბურიატიაში. ის თანამშრომლები, რომლებიც ტყვეებს მეთვალყურეობდნენ, ექვემდებარებოდნენ როტაციას - ერთსა და იმავე კოლონიაში მათ თვეზე მეტხანს არ აჩერებდნენ. WSJ ეყრდნობა სასჯელაღსრულების სამსახურის სამ ყოფილ თანამშრომელს, რომელთაგან ორი ადრე სპეცრაზმის წევრი იყო, მესამე - მედიკოსი. ეს სამი პირი მოწმეთა დაცვის სისტემაში მოხვდა მას მერე, რაც ჩვენებები მისცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამომძიებლებს. მათი მონათხრობი გამყარებული იყო დოკუმენტებით, ინტერვიუებით უკრაინელ ტყვეებთან და პირთან, რომელიც რუსეთის ციხეების ჩინოვნიკებს გაქცევაში ეხმარებოდა. 53 წლის იგორ პოტაპენკო წარმოშობით უკრაინიდანაა, ის სუმის ოლქშია დაბადებული. მას მიღებული აქვს სამხედრო განათლება, მათ შორის ორლოვსკის უმაღლესი სამხედრო სარდლობის საბჭოთა უშიშროების სასწავლებელში. პოტაპენკო 1992 წელს გადავიდა პენიტენციურ სისტემაში სამუშაოდ - მუშაობდა ვორონეჟის ოლქის სასჯელაღსრულების სამსახურში, 2010 წელს კი გადაიყვანეს პეტერბურგში, სადაც 14 წელიწადი იმუშავა. 2024 წელს იგორ პოტაპენკო სამოქალაქო ჩინოვნიკი გახდა. ის დანიშნეს პეტერბურგის ვიცე-გუბერნატორად, მიგრაციის პოლიტიკის უსაფრთხოების განხრით. 2014 წლის ნოემბერში საერთაშორისო დამოუკიდებელმა კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, რუსეთის ხელისუფლება და სამხედროები სისტემატურად იყენებდნენ და იყენებენ წამებას უკრაინელი სამხედროების და სამოქალაქო პირების მიმართ, უკრაინის ყველა ოლქში, რომლებიც ამჟამად ან ადრე ექვემდებარებოდა რუსეთის კონტროლს. მკვლელობებში, ტყვეებთან სასტიკ და არაჰუმანურ მოპყრობაში რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ. 2024 წლის დეკემბერში გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის მმართველობამ გაავრცელა 24 რუსი ტყვე სამხედროს საჩივრები ლვოვში მოქმედ ბანაკში განცდილი წამე...