ამის საფუძველს მათ უჩენთ დაკავებულების საქმეების შესწავლა, საიდანაც დგინდება, რომ: „სამივე მათგანი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისთვის (იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული“; „გამოძიება სამივე შემთხვევაში დაწყებულია ე.წ. „კონფიდენციალური წყაროს“ მიერ მოწოდებული „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე, რომლის სანდოობისა და რეალურობის შემოწმება არ ხდება“; „სამივე პირის პირადი ჩხრეკა, ასევე საცხოვრებელი სახლის, ავტომანქანის თუ სხვა მფლობელობის ჩხრეკა ჩატარებულია არა სასამართლოს წინასწარი თანხმობით, არამედ ე.წ. “გადაუდებელი აუცილებლობის” საფუძვლით“; „სამივე საქმეში, ბრალდებულებისაგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტს ადასტურებენ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და სხვა, მათთან დაახლოებული პირები, რომლებსაც აქვთ საქმის ბრალდების სასარგებლოდ გადაწყვეტის ინტერესი“; „სამივე ბრალდებულის ჩხრეკა ჩატარებულია მოწმეების დასწრების გარეშე“; „არც ერთ საქმეში არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულების მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტს“. საქართველოში უწყვეტი პროევროპული აქციების დაწყებიდან, 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ამ პროტესტის ოთხი მონაწილე დააკავა. ოთხივე თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ სამიზნეები ანტისახელისუფლებო პოზიციების გამო გახდნენ. ოთხივე მათგანი ჩხრეკისა და დაკავების დეტალებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თუმცა იდენტურად ჰყვება. ასევე ნახეთ 20 წელი ან უვადო - რა ვიცით ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ დემონსტრანტებზე ყველა მათგან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ...