სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები იუწყებოდნენ, რომ დრონებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია ქალაქის იმ რაიონში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. ადგილობრივი დროით დილის 7 საათისთვის სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ სარატოვში „ლიკვიდირებულია“ უპილოტო საფრენი აპარატები, დაზიანებულია „ერთ-ერთი სამრეწველო საწარმო", არავინ დაშავებულა. გუბერნატორი კონკრეტულ საწარმოს არ ასახელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 40 უკრაინული დრონი, მათგან 18 - სარატოვის ოლქში, 13 - როსტოვში, 6 - ბრიანსკის ოლქში, 2 - ვოლგოგრადში და 1 - ბელგოროდის ოლქში. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დაკეტეს სარატოვის, ულიანოვსკის, კიროვისა და ყაზანის აეროპორტები. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრიი კოვალენკომ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, ასახავს სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს. კოვალენკო წერს, რომ ეს არ არის პირველი შეტევა ამ ქარხანაზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საწვავით რუსეთის არმიის უზრუნველყოფაში. три უკრაინის თავდაცვის ძალებმა მხოლოდ 2025 წლის იანვარში დრონებით რამდენჯერმე შეუტიეს ქალაქ სარატოვში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო აეროდრომს და ნავთობის საცავს. ასევე ნახეთ რუსეთის რეგიონებზე მასირებული შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო - მედია ასევე ნახეთ უკრაინული დრონების სამიზნე ენგელსის ნავთობის ბაზაზე მეექვსე დღეა ხანძარს აქრობენ რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებსა და საწვავის საცავებს. ...