როგორც ჯაიანის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა სხდომაზე, დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, სამედიცინო ექსპერტიზის ნაწილის გარდა. ბრალდებული განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას და გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, ის ასევე არ აღიარებს სისტემატურ შეურაცხყოფას და ძალადობას. "ჩვენ უდავოდ გავხადეთ მტკიცებულებები, რადგან ეს მტკიცებულებები, დარწმუნებულები ვართ, რომ ვერ ადასტურებს ამ ნაწილში წარმოდგენილ ბრალდებას, რასაც ჩვენ ვდავობთ. სასამართლოს სხდომაზე დასკვნითი სიტყვის დროს შევაჯამებთ ყველაფერს. გვჯერა, რომ ამ ნაწილში ბექა ჯაიანი გამართლდება. იგი თავს დამნაშავედ ცნობს განზრახ მკვლელობაში და ნანობს", - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი მდინარაძემ. მისი სიტყვებით, "სამართლებრივი შეფასების საკითხია" პროკურორის მტკიცება, რომ სამედიცინო ექსპერტიზით დასტურდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა და აბრამიძის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რაზეც მოწმეები მიუთითებენ ჩვენებაში. "სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ჭრილობები ავტომატურად განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას არ ნიშნავს. ეს არის სამართლებრივი შეფასების საკითხი. სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს, მკვლელობა სისასტიკით მოხდა თუ არა, ეს იურიდიული შეფასების საკითხია და ამას საბოლოოდ სასამართლო აფასებს. გააჩნია, ჭრილობა როდის არის მიყენებული, რომელმა გამოიწვია სიკვდილი. ამ 28 ჭრილობიდან სიკვდილის გამომწვევი მხოლოდ ოთხი ჭრილობა იყო, დანარჩენი მსუბუქი ხასიათის იყო. ექსპერტი პატარა ნაკაწრსაც დაზიანებად აღნიშნავს, ამიტომ ეს არ უნდა გავიგოთ, რომ ეს ჭრილობები იმისთვის იყო მიყენებული, რომ ის ტანჯვით მოეკლა, ასეთი განზრახვა ბექა ჯაიანს არ ჰქონია. სისტემატურ ძალადობას პირდაპირი მტკიცებულებები სჭირდება, როგორ დაადასტურებს ბრალდების მხარე ამას, როცა პირი გარდაცვლილია", - განაცხადა მდინარაძემ. მკვლელობის მოტივზე საუბრისას ჯაიანის ადვოკატმა განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს "შანტაჟის შეეშინდა". "შანტაჟის შეეშინდა, როგორც პირადად მისი, ასევე მშობლების მიმართ იყო შანტაჟი, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია. მტკიცებულებებს დასკვნითი სიტყვის დროს შევაჯამებ", - განაცხადა მდინარაძემ. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მტკიცებულების სახით წარადგინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. როგორც საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ უთხრა ჟურნალისტებს, ჯაიანმა კესარია აბრამიძეს 28 ჭრილობა მიაყენა დანის გამოყენებით, რამაც გარდაცვალება გამოიწვია. "ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია, სწორედ სისხლნაკლებობამ და მიყენებული ჭრილობების რაოდენობამ გამოიწვია კესარია აბრამიძის გარდაცვალება. წარმოდგენილი...