ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაადგინა, რომ რუსეთში მიღებული კანონები სამხედრო „ფეიკებზე“ და რუსული არმიის „დისკრედიტაციაზე“ არღვევს გამოხატვის თავისუფლების უფლებას (ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი). ამის შესახებ სასამართლოს პრესრელიზშია ნათქვამი. ECHR-მ განიხილა საქმე „„ნოვაია გაზეტა“ და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“. მომჩივნები იყვნენ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაბლოკილი „ნოვაია გაზეტა“, ტელეარხი „დოჟდი“ და 178 სხვა მომჩივანი, რომლებსაც ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრეს „ფეიკების“ გავრცელების ან რუსეთის არმიის „დისკრედიტაციის“ შესახებ მუხლების მიხედვით. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვები იყო სისტემური და ფართოდ გავრცელებული, რაც მიუთითებს განსხვავებული აზრის აღსაკვეთად კოორდინირებულ ძალისხმევაზე და არა ეროვნული უსაფრთხოებისთვის რაიმე საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებაზე. „არსებითად ეროვნული სასამართლოები დანაშაულად მიიჩნევდნენ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ოფიციალურ ვერსიას. ისინი საზიანოდ მიიჩნევდნენ ტერმინ „ომის“ უბრალო გამოყენებას და არა „სპეციალური სამხედრო ოპერაციისა“, ისე, რომ ანგარიშს არ უწევდნენ გამოყენებული გამოთქმების შინაარსს ან კონტექსტს,“ აღნიშნა სასამართლომ. ასევე ნახეთ საქართველო PACE-ში მუშაობას წყვეტს - რას ნიშნავს ეს? გარდა ამისა, ECHR-ის თანახმად, ზოგიერთ მომჩივანთან მიმართებაში დაირღვა მე-5 მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 პუნქტები („ადამიანის თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება“), მე-8 მუხლი („პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება“) და მე-3 მუხლი („არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აკრძალვა“). 2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გააძევეს უკრაინაში შეჭრის გამო. ამის საპასუხოდ მოსკოვმა განაცხადა, რომ ECHR-ის მიერ ამ თარიღის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ შეასრულებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაბამის კანონს 2022 წლის ივნისში მოაწერა ხელი. იმავე წლის 16 სექტემბერს რუსეთმა შეწყვიტა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მხარედ ყოფნა. ამგვარად, ის ECHR-ის იურისდიქციიდანაც გავიდა. ECHR მიიჩნევს, რომ თუ მომჩივნები სასამართლოს მიმართავენ 2022 წლის 16 სექტემბრამდე მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, სასამართლოს უფლება აქვს, განიხილოს ასეთი საქმეები. ის, რომ რუსეთის ხელისუფლება არ მონაწილეობს ლგბტქ აქტივისტების წინააღმდეგ სამართალწარმოებაში, არ წარმოადგენს დაბრკოლებას საქმის განხილვისთვის და სასამართლოს აქვს იურისდიქცია, ყველა განცხადება განიხილოს, აღნიშნა ადამიანის უფლებების ევროპუ...