კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა თქვა, რომ სამოქმედო გეგმას ექნება რამდენიმე სტრატეგიული მიზანი. მათ შორის: ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება და ასოცირების შეთანხმებაში არსებული ვალდებულებების შესრულება; ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა; ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი; „საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ“ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება; ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებებში მონაწილეობა. ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრები არიან ლევან მახაშვილი (თავმჯდომარე), ვახტანგ თურნავა, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ხახუბია, ეკა სეფაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და ლიკა შარტავა. ბოლო თვეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. სწორედ ამიტომ საქართველოში არ წყდება მრავალრიცხოვანი აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. დემონსტრაციების საპასუხოდ, „ქართულმა ოცნებამ“ გაამკაცრა კანონები: გაზრდა ჯარიმები, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა და მნიშვნელოვნად შეზღუდა აქციის მონაწილეთა უფლებები. ...