პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის, ონლაინგამოცემების, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დღეს, 12 თებერვალს, განაცხადა, რომ კლინიკური გუნდი ყველაფერს აკეთებს მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად. მზია ამაღლობელი 32-ე დღეა შიმშილობს, ის "ვივამედშია" მოთავსებული. „ხანგრძლივი შიმშილობის პროცესი ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესია და შიმშილობის ყოველი გაგრძელებული დღე დაკავშირებულია რეალურ შესაბამის გართულებებთან. ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ეს არის ცხიმების წვა, ეს არის ცილებისა და შინაგანი რესურსების გამოყენება, რაც იწვევს სხვადასხვა და, პირველ რიგში, კარდიოვასკულარულ გართულებებს, ამასთან, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციების მოშლას და ა.შ. კლინიკა, რა თქმა უნდა, მზად არის და ყოველდღიურად ახორციელებს მონიტორინგის პროცესს და ვთავაზობთ შესაბამის სამედიცინო სერვისს მონიტორინგის კუთხით. ყოველდღიურად მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები, თუ საჭიროა - ინსტრუმენტული კვლევების ჩართვა და ა.შ.", - უთხრა ჟურნალისტებს ზურაბ ჩხაიძემ კლინიკასთან გაკეთებულ კომენტარში. მისი შეფასებით, მზია ამაღლობელს გამოხატული აქვს ყველა სიმპტომი, რომლებიც უკავშირდება ხანგრძლივ შიმშილობას და შიმშილობის ეფექტს. "გადაადგილება მისთვის მარტივი არ არის, თუმცა ცდილობს გადაადგილდეს, უფრო აქტიური იყოს, იმოძრაოს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ 30 დღის შემდგომ ყოველი დღე ეს არის ძალიან დიდი რისკი სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლისა და გართულების", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ. მისივე განმარტებით, საექიმო გუნდი ითვალისწინებს ქრონიკულ დაავადებებს და "ყველაფერი კეთდება პრევენციის მიზნით". ამასთან, ჩხაიძის თქმით, სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ექიმთა ჯგუფთან ერთად მათი რეკომენდაციაა, რომ მზია ამაღლობელი იმყოფებოდეს მონიტორინგის ქვეშ კლინიკის პირობებში, "რადგან ყოველდღიური მოსალოდნელი გართულება უფრო ადვილი სამართავი იქნება კლინიკის პირობებში". "ის აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს მოსალოდნელ გართულებებს და დათანხმდა, რომ მონიტორინგის პროცესი გაგრძელდეს კლინიკის პირობებში. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, იქნებ ამაში უფრო ჩაერთოს თუნდაც საზოგადოება, თუნდაც ადვოკატები ან ოჯახის წევრები, რათა ეს მოსალოდნელი გართულებები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. მზია ამაღლობელის საქმე ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 32-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევე...