ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატები მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებასა და მის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი საქმის შეწყვეტას მოითხოვენ. ამის შესახებ მისმა უფლებადამცველებმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ და ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადეს პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს, 12 თებერვალს, გაიმართა სასტუმრო "თბილისი მარიოტში". ადვოკატები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ პროკურატურის მიერ მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივ დევნას - როგორც მაია მწარიაშვილმა თქვა პრესკონფერენციაზე, "უნდათ შექმნან პრეცედენტი, რომ სილის გაწვნა შეფასდეს თავდასხმად". როგორც ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, ხვალ, 13 თებერვალს, შუამდგომლობას შეიტანენ მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. "პროკურატურამ მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა უსაფუძვლოდ დაიწყო. მისი ბრალდება უკანონოა და მის მიმართ უკანონოდ გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. ეს საქმე აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც ამ საქმეზე პოლიტიკური ნიშნით დევნას ადასტურებს“,- განაცხადა საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ. три ადვოკატ მაია მწარიაშვილის განცხადებით კი, "მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, ვინაიდან მისი დევნა თავსდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900(2012) რეზოლუციით განსაზღვრულ კრიტერიუმებში" და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ დევნას და პატიმრობას არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, ადვოკატები მოითხოვენ: 1. სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან; 2. საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე; 3. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი; 4. პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი; 5. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო; 6. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ირაკლი დგებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და 2025 წლის 11 იანვრის...