მათ უფლებამოსილების შეწყვეტა თავად მოითხოვეს იმ მიზეზით, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და არალეგიტიმურ ორგანოში მუშაობა არ სურთ. „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, რომელიც არჩევნების გაყალბებას უარყოფს, კენჭისყრა დღეს, 12 თებერვალს, ჩაატარა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე. უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს: ელგუჯა ბაგრატიონს, მიშა ბოლქვაძეს, ედიშერ ჟღენტსა და ლია ჯაყელს, „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელ გენო თებიძეს და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელ მირდატ ქამადაძეს. 26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, აჭარის 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში ორი მანდატი მოიპოვა კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, „გახარია საქართველოსთვის“. ამ პარტიიდან არჩეული წევრებიც, გოჩა გუგუნავა და ირაკლი ბოლქვაძე, უმაღლეს საბჭოს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და სხდომებში არ მონაწილეობენ, თუმცა უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად საბჭოსთვის არ მიუმართავთ. ასევე ნახეთ 49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთ დღეს, 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა. 2025 წლის 5 თებერვალს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებს, სულ 49 დეპუტატს, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ საქართველოს პარლამენტშიც, რომელსაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ასევე არალეგიტიმურად მიიჩნევენ. პარტია „გახარია საქართველოსთვის“, რომელსაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 12 მანდატი აქვს, არალეგიტიმურად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტსაც და მის საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა პარტიის წევრებს უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად განცხადებები არ დაუწერიათ. პარტიაში გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტთან არანაირ ურთიერთობაში არ შედიან და უფლებამოსილების შესაწყვეტად მიმართვით ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ. საქართველოში 2024 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ახალი არჩევნების მოთხოვნით. ...