ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” საიას მიერ წარდგენილ საჩივარზე გადაწყვეტილება 11 თებერვალს მიიღო. ორგანიზაცია იუწყება, რომ სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი, მე-3 „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა. საჩივარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შესაძლო მითვისების/სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლების ფაქტს. მომჩივნების მიმართ ეროვნულმა სასამართლოებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. საიას განცხადებით, სარჩელში მომჩივნები მიუთითებდნენ, რომ დაირღვა მათი სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან მათთვის ბრალად შერაცხილი ქმედება არ იყო ინდივიდუალიზებული და გაუგებარი იყო, თუ რაში გამოიხატა თითოეული მომჩივნის მიერ ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენა, ამასთან, მათივე მტკიცებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები კანონის დარღვევით იყო მოპოვებული. საიას ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მომჩივნების უფლება, იყვნენ დეტალურად ინფორმირებულნი მათი ბრალდების ბუნებისა და საფუძვლების შესახებ, ჰქონდეთ ადეკვატური დრო და შესაბამისი პირობები დაცვის უფლებისთვის. ევროსასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტების დარღვევა. ასევე ნახეთ „კაბელების საქმე“: სად ჩაიხედეს და რა ნახეს? "კაბელების საქმეზე" თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2016 წლის 16 მაისს გამოიტანა და თავდაცვის სამინისტროს ხუთ თანამშრომელს შვიდწლიანი პატიმრობა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების 2 წლის ვადით უფლების ჩამორთმევა შეუფარდა. გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძესა და გიორგი ლობჟანიძეს პროკურატურა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავებოდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ 2013 წელს გამოცხადებულ საიდუმლო ტენდერში, რომელშიც უპირატესობა კომპანია „სილქნეტს“ მიენიჭა. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 2014 წლის ოქტომბერში დააკავეს. წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ, ისინი თავდებით გაათავისუფლეს, თუმცა საქალაქო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე კვლავ დააბრუნეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ...