ვაშინგტონის საოლქო სასამართლოს განკარგულებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დროებით, სასამართლო პროცესების დასრულებამდე უნდა აღადგინოს უცხოეთის დახმარების პროგრამების დაფინანსება. გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო ფედერალურმა მოსამართლე ამირ ალიმ. მან განიხილა ორი ორგანიზაციის, შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ადვოკატირების კოალიციის და ჯანდაცვის გლობალური საბჭოს საჩივრები, რომლებიც პრეზიდენტის განკარგულების საერთოდ გაუქმებას ითხოვდნენ. ამ ორგანიზაციებს უცხოეთის ქვეყნებში სამუშაოდ აფინანსებდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID). მოსამართლის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ USAID-ის ათასობით პროგრამის დაფინანსება შეაჩერა პროგრამების დეტალური ანალიზის მიზნით, თუმცა არ განუმარტავს, რატომ არის საჭირო ამ საკითხის შესასწავლად კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსების შეწყვეტა და უამრავი ორგანიზაციის დაზარალება. ასევე ნახეთ აშშ-ის დახმარება დაპაუზდა - რას ნიშნავს ეს მსოფლიოსთვის, საქართველოსთვის? აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება USAID-ის პროგრამების 90 დღით შეჩერების შესახებ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სააგენტო ცალკე სამთავრობო ორგანიზაცია აღარ იქნება და სახელმწიფო დეპარტამენტს შეუერთდება. 7 თებერვალს ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა დაბლოკა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად USAID-ის თანამშრომლებს სამსახურში მისვლა აღუკვეთეს. ასევე ნახეთ ტრამპმა USAID-ის ხელმძღვანელებს „რადიკალები" უწოდა, მასკი სააგენტოს „სიკვდილით" ემუქრება ასევე ნახეთ დემოკრატები USAID-ის დაცვას აპირებენ, რუბიო ამბობს, რომ პროგრამები არ შეწყდება, კოორდინაცია გაიზრდება აშშ-ის მთავრობის მიერ 1961 წელს შექმნილი USAID-ი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავდა მსოფლიოს ქვეყნებში სიღარიბესა და დაავადებებთან ბრძოლისა და სხვა ჰუმანიტარული მიზნებით და ხელს უწყობდა დემოკრატიის მშენებლობასა და განვითარებას. ...