უკრაინისა და მოლდოვის სამართალდამცავებმა დააკავეს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" და უკრაინის წინააღმდეგ მოქმედი სხვა უკანონო შეიარაღებული ჯგუფების დაქირავებულები. ამის შესახებ ცნობა 14 თებერვალს უკრაინის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით გავრცელდა. "სამი დაკავებული მოლდოვის მოქალაქეა. 2014 წლიდან 2023 წლამდე, ისინი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის", ბატალიონ "სომალისა" და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სხვა ქვედანაყოფების ეგიდით მონაწილეობდნენ დონეცკის აეროპორტისთვის ბრძოლაში, ბახმუტის ხელში ჩაგდებასა და დებალცევოს ალაში მოქცევაში. ზოგიერთმა მათგანმა ოკუპანტების სამხედრო ხელმძღვანელობისგან ჯილდოები და მედლები მიიღო", - ნათქვამია პოლიციის ანგარიშში, რომელსაც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური გაეცნო. არსებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის სამართალდამცავებმა 50-ზე მეტი ჩხრეკა ჩაატარეს ეჭვმიტანილთა საცხოვრებელ ადგილებსა და რეგისტრაციის ადგილებში. შედეგად, ამოღებულია დოკუმენტები, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები მიმოწერით, ფოტო- და ვიდეო მასალით, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას "ვაგნერის" მიერ მოქალაქეთა გადაბირების, მის რიგებში სამსახურის გავლის პირობების შესახებ უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც, როგორც მტკიცდება, დაკავებულებიც იმყოფებოდნენ საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად. მოლდოვის პოლიციის გამომძიებლებმა სამივე დაკავებულს ოფიციალურად აცნობეს, რომ ეჭვმიტანილი არიან შეიარაღებულ კონფლიქტში, სამხედრო ან სხვა ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა კონსტიტუციური წესრიგის დამხობას ან სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ბრალდებულებს ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ასევე ნახეთ მოლდოვაში „დესტაბილიზაციის“ მცდელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს - გამოძიება გრძელდება ასევე ნახეთ შეუძლია თუ არა მოლდოვას დნესტრისპირეთის დაბრუნება? ...