მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა პლატფორმა X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ის ესაუბრა ზელენსკის. მისივე თქმით, ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ და „ჩვენ მათ დავეხმარებით ამ საქმეში“: „თუკი დონალდ ტრამპს ნამდვილად შეუძლია დაარწმუნოს პრეზიდენტი პუტინი, რომ შეაჩეროს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია. ამის შემდეგ, მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ. ჩვენ, ევროპელებს, დაგვჭირდება გავაძლიეროთ ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოება და გავხდეთ მეტად ავტონომიური. საფრანგეთი სრულად შეასრულებს თავის როლს ამ პროცესის დაჩქარებაში“, - წერს ემანუელ მაკრონი. три 14 თებერვალს, მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ზელენსკისა და ჯეი დი ვენსის შეხვედრა საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ ვენსმა განაცხადა, რომ საუბარი ნაყოფიერი იყო. "ჩვენ გვსურს, რომ დასრულდეს ომი, ჩვენ გვსურს, რომ შეწყდეს მკვლელობა, ჩვენ გვინდა მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას, და არა ისეთ მშვიდობას, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ ევროპაში კონფლიქტი მოჰყვება“, - ციტირებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს უკრაინული სააგენტო „უკრაინსკა პრავდა“. ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში, კვირებსა და თვეებში“ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების კიდევ ბევრი რაუნდი გაიმართება. და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები შეიმუშავებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა მიაღწიონ ხანგრძლივ მშვიდობას. ზელენსკიმ დაადასტურა თავისი სურვილი - „შეაჩერონ პუტინი და დაასრულონ ომი“. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოხარული იქნება უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, გენერალ კით კელოგის ნახვის. ასევე ნახეთ ზელენსკი აცხადებს, რომ მხოლოდ ერთ რუსს - პუტინს შეხვდება ...