საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენიდან, პლატფორმა X-ზე აქვეყნებს შირინ ებადის, ირანელი იურისტის, მოსამართლისა და უფლებადამცველის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის წერილს და მადლობას უხდის მას დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხარდაჭერისთვის. „სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის საძირკველია. შეზღუდვების დაწესება და ჟურნალისტების დაკავება არასდროსაა გამართლებული. იმედი მაქვს, მზია ამაღლობელი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდება და გააგრძელებს თავის საქმეს“, - წერს შირინ ებადი. три მზია ამაღლობელის საქმე ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 35-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში - უკვე 12 იანვარს - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. „მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება. ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ასევე ნახეთ ექიმების ჯგუფი დასკვნას აქვეყნებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ...