“ქართულმა ოცნებამ” “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის” წინასაარჩევნო დაპირების შემდეგ, არჩევნებიდან 4 თვეში შექმნა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. კომისიას სადავო პარლამენტის თავმჯდომარის ორი მოადგილე, თეა წულუკიანი (კომისიის თავმჯდომარე) და სოზარ სუბარი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) უხელმძღვანელებენ. Სუბარი კომისიაში “ოპოზიციის წარმომადგენელია”. ის 9 წელი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი ან საკანონმდებლო გუნდის წევრი იყო, სანამ 2021 წელს მმართველი პარტიისგან ფორმალურად გამოყოფილი “ხალხის ძალის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდებოდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მან კვლავ “ქართული ოცნების” სიით იყარა კენჭი და მას შემდეგ, რაც ოპოზიცურმა პარტიებმა უარი თქვეს პარლამენტის შედეგების აღიარებაზე, ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოში სუბარის “ხალხის ძალა” კვლავ ოპოზიციად გამოეყო მმართველ პარტიას. Კომისიაში ასევე შედიან “ხალხის ძალის” კიდევ ერთი წევრი, გურამ მაჭარაშვილი და მეორე, ახლადშექმნილი “ოპოზიციური” საპარლამენტო ჯგუფის, “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე, ილია ინჯია. “გახარია საქართველოსთვის”, რომელიც სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად გაყალბებულად მიიჩნევს 2024 წლის არჩევნებს, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობს, თუმცა, იმის გამო, რომ მანდატებზე უარი არ უთქვამს, კომისიაში მათ ორი ვაკანტური ადგილი დაუტოვეს. “ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ პასუხისმგებლობას” თავმჯდომარე წულუკიანი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის მიზანი დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტების დადგენაა - მათ შორის “ქართული თუ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით” და იმის განსაზღვრა თუ რა დანაშაული ჩაიდინა ყოფილმა მმართველმა პარტიამ და კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა. სანამ კომისია 13 თებერვალს პირველ, საორგანიზაციო სხდომას გამართავდა, “ქართული ოცნების” ლიდერები უკვე იმუქრებოდნენ რომ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. "ვინც არ ითანამშრომლებს - ამას მინდა ხაზი გავუსვა - არის კონკრეტული ჩანაწერი სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის შესაბამისი პასუხისმგებლობა იქნება ასეთი პირების მიმართ გათვალისწინებული", განაცხადა მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს წევრმა, დავით მათიკაშვილმა 7 თებერვალს. ხუთშაბათს, იგივე გაიმეორა წულუკიანმა. “თუ რომელიმე მათგანი, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიწვევთ მოსმენაზე, უარს განაცხადებს მობრძანებაზე, ამისთვის ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ პასუხისმგებლობას”. ასეა თუ არა ეს? “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის” გ...