უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 17 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა 147 დრონი. სარდლობის თანახმად, უკრაინის ძალებმა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ოდესის ოლქებში ჩამოაგდეს 83 დრონი, 59 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“. დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონში. ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიკოლა კალაშნიკი იუწყება. მისივე ცნობით, ოთხ რაიონში დაზიანებულია რამდენიმე კერძო სახლი. ხანძრები გაჩნდა ერთ-ერთ საამქროსა და სასაწყობე შენობებში. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ნიკოპოლის რიონში 5 ადამიანი დაშავდა. ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქის ორ რაიონში დაზიანებულია 15-მდე სახლი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ სუმიში რუსული დრონი მოხვდა ტექნიკური მომსახურების სადგურს. დაზიანებულია შენობა და ტერიტორიაზე მყოფი ავტომობილები. მსხვერპლი არ არის. ზაპოროჟიეს ოლქში დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობა და საწყობები. ადგილობრივი ხელისუფლება კონკრეტულ ობიექტებს არ ასახელებს. ასევე ნახეთ რუსეთის რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმზე დრონებით მასირებული შეტევა იყო 17 თებერვალს, შუაღამის შემდეგ დრონებით შეტევა იყო რუსეთსა და მის მიერ ანექსირებულ ყირიმზეც. დილით თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 90 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია. ...