2024 წელს რუსეთში კერძო სამხედრო კომპანიების 13 000-ზე მეტმა ყოფილმა წევრმა მიიღო საბრძოლო ვეტერანის სტატუსი. როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, ამის შესახებ ანგარიში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა ცივილიოვამ წარმოადგინა და დასძინა, რომ აღმოიფხვრა სტატუსის მოპოვების მხრივ ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის არსებული სირთულეები. კერძო სამხედრო კომპანიის წევრებისათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭება რუსეთის მთავრობას პრეზიდენტმა პუტინმა დაავალა. ბრძანების თანახმად, ვეტერანის მოწმობის მისაღებად დაქირავებულს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულება არ ჰქონია, ესაჭიროება ნებისმიერი თვითმხილველის ცნობა, რომელიც ნოტარიუსის ხელმოწერებითაა დადასტურებული. არ არის დაზუსტებული, რა კრიტერიუმის მიხედვით უნდა შეირჩეს ასეთი მოწმე. რუსეთში ომის ვეტერანებს, არსებული საკანონმდებლო ნორმებით, ეძლევათ ყოველთვიური ფულადი სარგო და ასევე სარგებლობენ სოციალური დახმარების პაკეტით. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით იკრძალება კერძო სამხედრო კომპანიების შექმნა და მათ მიერ მოქალაქეთა დაქირავება. მაგრამ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრაში მონაწილეობდა პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პროგოჟინის მიერ დაფინანსებული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი", რომელიც მანამდე საბრძოლო ამოცანებს აფრიკასა და სირიაში ასრულებდა. ასევე ნახეთ არა მხოლოდ „ვაგნერი“ - კიდევ რა კერძო სამხედრო დაჯგუფებებია რუსეთში ასევე ნახეთ მოლდოვაში დააკავეს სამი პირი, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდნენ - პოლიცია ...