დღეს, 18 თებერვალს, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტს სახლში მიუტანეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და განუმარტეს, რომ მან 29 იანვარს სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურის შენობის ფასადზე “შეასრულა წარწერა ნახატით, რაზეც არსებობს ვიდეომტკიცებულება”. როგორც ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა განუმარტეს როსტო ზარანდიას, მან ამ ქმედებით დაამახინჯა ქალაქის იერსახე. რადიო თავისუფლებას როსტო ზარანდიამ უთხრა, რომ ოქმს ხელი არ მოაწერა და შესაბამისად არც ჩაიბარა. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს რეალურად აწუხებთ არა ქალაქის იერსახე, არამედ ის გზავნილები, რომლებსაც სტენსილები და წარწერები ატარებს. три “ალბათ ფოსტით გამომიგზავნიან ამ ოქმს... არ ვაპირებ ჯარიმის გადახდას. ამათ იერსახე არ აინტერესებთ. ნახატს შემდეგ თავად ღებავენ შავი ან თეთრი საღებავით და ეს არ არის დამახინჯება?!” - თქვა როსტო ზარანდიამ, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არ იქნება მისთვის დაკისრებული ბოლო ჯარიმა, რადგან არაერთი სტენსილი აქვს გაკეთებული. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ ყოველთვის ღიად და საჯაროდ ხატავდა საპროტესტო სტენსილებს, რაზეც მანამდე არ დაუჯარიმებიათ. აქტივისტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია მზია ამაღლობელის და ოჩამჩირიდან დევნილი ზამირ კვეკვესკირის სტენსილებმა. три ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ კოდექსში ცოტა ხნის წინ შეტანილი ცვლილებით, გაიზარდა ჯარიმები ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის. კერძოდ, "სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება" 1000 ლარით ჯარიმდება - აქამდე ჯარიმის ოდენობა 50 ლარი იყო. ამ წესის განმეორებით დამრღვევი კი, კანონის გამკაცრების შემდეგ, 500 ლარის ნაცვლად 2 000 ლარით ჯარიმდება. ...