ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა გასული ღამის განმავლობაში ტელეგრამ-არხით ორჯერ გაავრცელა გაფრთხილება, რომ მოსალოდნელი იყო რაკეტებით და დრონებით შეტევა და ქალაქის მცხოვრებთ უსაფრთხო ადგილებში ყოფნისკენ მოუწოდა. ტრუხანოვის ტელეგრამზე დღეს, 19 თებერვალს, დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა 14 სკოლა, 13 საბავშვო ბაღი და საცხოვრებელი მიკრორაიონი, სადაც 500-ზე მეტი სახლია. ოდესის მერის ცნობით, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული ბავშვთა პოლიკლინიკის და ერთ-ერთი საბავშვო ბაღის შენობები. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი. სკოლები და საბავშვო ბაღები, რომლებსაც ელექტროენერგია და გათბობა არ მიეწოდებათ, დროებით დაიხურა. განახლება: ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქ ოდესასა და მის რაიონებზე დრონებით შეტევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ბავშვი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე ნახეთ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში: რა შევიტყვეთ ...