მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება - მისმა ადვოკატმა ნინო ლომინაძემ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით დადასტურდა, რომ კაციას ნარკოტიკული საშუალებები „ჩაუდეს“. „მოვითხოვეთ ალტერნატიული ექსპერტიზა - ვითხოვდით, ნიკოლოზ კაციას ნარკოლოგიური შემოწმება მომხდარიყო. ამას გამოძიების ეტაპზეც ვითხოვდით, თუმცა ბრალდების მხარემ [პროკურატურამ] უარი გვითხრა შემოწმებაზე. სანაცვლოდ ჩვენ თავად მივმართეთ საექსპერტო ბიუროს, რომელმაც დაადგინა: ნიკოლოზ კაციას არ მოუხმარია ნარკოლოგიური საშუალებები. დანიშნული გვქონდა კიდევ ერთი კვლევა, რომელსაც უნდა აღმოეჩინა თითის კვალი იმ გადასაფუთზე, რომელიც თითქოს ნიკოლოზ კაციას ჯიბეში ედო. აღნიშნულ პაკეტზე თითის კვალი არ ამოსულა. შესაბამისად, ეს გარემოებები ცხადყოფს იმას, რასაც ნიკოლოზ კაცია დაკავების მომენტიდან ამბობდა - ნარკოტიკული საშუალება მას ჩაუდეს“, - ამბობს ადვოკატი „ფორმულასთან“ საუბრის დროს. ნიკა კაციას დაკავების შესახებ 2024 წლის 8 დეკემბერს გახდა ცნობილი. ადვოკატ ნინო ლომინაძის თქმით, კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. ის ქუჩაში გაჩხრიკეს. როგორც მან უთხრა ადვოკატს, პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ. ამ დაკავებას კაციაც და მისი მეგობრებიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობას უკავშირებენ. მას ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით - ამ მუხლით მას 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. უკვე 86 დღეა, 28 ნოემბრიდან, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა. დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებული ყველა პირი რეჟიმის ტყვეა. ...