ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია(BBC) 20 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტყვიერი განკარგულების შემდეგ მიიღო "იძულებითი გადაწყვეტილება", დახუროს თავისი ოფისი ბაქოში. „პრესის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ამგვარი შემზღუდავი ღონისძიება ჩვენს ღრმა მწუხარებას იწვევს“, - ნათქვამია BBC-ის წარმომადგენლის განცხადებაში. BBC-ის ინფორმაციით მიხედვით, აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია იტყობინება, რომ ქვეყნის ხელისუფლება აპირებს ერთამდე შეამციროს აზერბაიჯანში მომუშავე BBC-ის თანამშრომლების რაოდენობა. ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია აღნიშნავს, რომ კორპორაციის ჟურნალისტებმა ვითარების გარკვევამდე შეაჩერეს თავიანთი საქმიანობა ბაქოში, თუმცა BBC აპირებს, გააგრძელოს რეპორტაჟების მომზადება აზერბაიჯანულ ენაზე. „მოვლენების გაშუქების კუთხით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაართულებს ჩვენს მუშაობას აზერბაიჯანში და აზერბაიჯანისათვის, ჩვენი აუდიტორიისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - ნათქვამია BBC-ის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, კომპანიას არ მიუღია წერილობითი ინსტრუქციები აზერბაიჯანის მთავრობისგან, რის გამოც BBC-მ სხვა არხებით მოითხოვა ახსნა-განმარტებების მიღება, თუმცა უშედეგოდ - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე არ უპასუხა კომპანიის მოთხოვნას. BBC News-ის აზერბაიჯანული სამსახური 1994 წლიდან მუშაობდა აზერბაიჯანში - ჯერ როგორც რადიომაუწყებლობა, შემდეგ კი ციფრული პლატფორმების სახით. სერვისის ყოველკვირეული აუდიტორია საშუალოდ 1 მილიონ ადამიანს შეადგენს. ასევე ნახეთ ალიევი საქართველოს „აგენტების კანონს“ ეხმაურება - „მედია უცხოეთიდან არ შეიძლება ფინანსდებოდეს“ 2024 წლის 7 დეკემბერს BBC-ის რუსულმა რედაქციამ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით: „როგორ დააშინა და მოათვინიერა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პრესა“. „აზერბაიჯანის პრეზიდენტს არ მოსწონს, როცა ჟურნალისტები უცხოურ ფულს იღებენ. არადა, მისი მმართველობის ორი ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანაში არსებული პირობები იმდენად აუტანელი იყო დამოუკიდებელი პრესისა და ჟურნალისტებისთვის, რომ მათ სპონსორების ძებნა ევროპაში უწევდათ. თუმცა ახლა უცხოური გრანტებისა და დახმარებების მიღება, აზერბაიჯანის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო, უკანონო გახდა. შედეგად, ათობით ჟურნალისტი ციხეში აღმოჩნდა, პოლიტპატიმრების რაოდენობამ კი 300-ს გადააჭარბა“, - ვკითხულობთ სტატიის შესავალში. 2024 წლის ნოემბერში, ბაქოში გამართული გაეროს კლიმატის სამიტის დასრულების შემდეგ, ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით დააპატიმრეს გამოცემა MeydanTV-ის გამომძიებელი ჟურნალისტი რამინ დეკო. გამოცემის სხვა ჟურნალისტები კი დაკითხვაზე დაიბარეს. BBC-ის სტ...