თითოეულ მათგანს 5000-ლარიანი სანქციის დაკისრება ემუქრება. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა რადიო თავისუფლების ორ ჟურნალისტსაც. აქციაზე მომუშავე იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც შსს აჯარიმებს, „საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ“ ერთ სიაში მოუყარა თავი. პოლიცია გზის გადაკეტვას ედავება: „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს, ნინო შუბითიძეს - 17 თებერვალს; „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს, ნინო წვერავას - 17 თებერვალს; „TV პირველის“ ფოტოგრაფს და ოპერატორს, გიორგი მოსიაშვილს (შეატყობინეს 21 თებერვალს); „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს - 14 თებერვალს; „ტაბულის“ ჟურნალისტს, ბექა ჯიქურაშვილს - 14 თებერვალს; „ტაბულის“ ჟურნალისტს, ნიკოლოზ ჭირაქაძეს - 17 იანვარს; „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნათია გოგსაძეს - 2 თებერვალს; „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ალექსანდრე საჯაიას - 4 იანვარს; „მედია აპრილის“ ფოტორეპორტიორს, ვახო ქარელს - 26 იანვარს; რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, ეკა ქევანიშვილს - 22 იანვარს; „ევრონიუსის“ ჟურნალისტს, დავით კეკენაძეს - 3 იანვარს; რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს - 10 ნოემბერს; ტელეკომპანია "მეცხრე ტალღის" ხელმძღვანელს, გერმანე სალიას - 13 დეკემბერს. ასევე ნახეთ „თუ ჟურნალისტი ხარ, სასამართლოში დაამტკიცე“ - გზის გადაკეტვისთვის ჟურნალისტებსაც აჯარიმებენ „ეს ყოველივე ან მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის ამოცანა ჟურნალისტთა სამუშაო გარემოს კიდევ უფრო დამძიმება და მათი სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შეზღუდვაა, ან, უკეთეს შემთხვევაში, სერიოზულ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც შსს-ს და სასამართლო სისტემას სასწრაფოდ უნდა ჰქონდეს რეაგირება“, - წერია ქარტიის განცხადებაში. რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში იკითხა, რატომ უწერენ ჯარიმას აქციის გამშუქებელ ჟურნალისტებს. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება. უკვე 86 დღეა, 28 ნოემბრიდან, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა. დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებული ყველა მათგანი რეჟიმის ტყვეა. ...