პოლონეთმა შაბათს გამოაცხადა, რომ ის იხდის უკრაინის მხრიდან Starlink-ის სატელიტურ საინტერნეტო სისტემაზე წვდომის საფასურს და გადახდას გააგრძელებს - მიუხედავად სააგენტო Reuters-ის მიერ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციისა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინას შეუწყვიტოს Starlink-ზე წვდომა, მინერალების საკითხის გამო. აშშ-ის წარმომადგენლებმა, რომლებსაც სურთ კიევმა ვაშინგტონისთვის ხელმისაწვდომი გახადოს უკრაინის მნიშვნელოვანი მინერალები, წამოჭრეს საკითხი, რომ შესაძლოა, უკრაინას შეუწყდეს წვდომა ილონ მასკის Starlink-ის სატელიტურ საინტერნეტო სისტემაზე, - წერს სააგენტო Reuters-ი, საკითხში გათვითცნობიერებულ სამ წყაროზე დაყრდნობით. წყაროთა ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან SpaceX-ის მფლობელობაში მყოფ Starlink-ზე წვდომის საკითხი წამოიჭრა დისკუსიებში აშშ-ის და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის მას მერე, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თავდაპირველ წინადადებაზე. Starlink-ი რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას და მის არმიას მნიშვნელოვან საინტერნეტო კავშირს აწვდის. "ვიხდით და გავაგრძელებთ საფასურის გადახდას უკრაინისთვის სატელიტური ინტერნეტისთვის" - წერს პოლონეთის ვიცეპრემიერი, კშიშტოფ გაუკოვსკი მასკის მფლობელობაში მყოფი სოციალური ქსელით X. "ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმემ შესაძლოა გადაწყვიტოს გაწყვიტოს კომერციული სერვისის ბიზნეს-კონტრაქტი, რომლის ნაწილი პოლონეთიცაა" - დასძენს გავკოვსკი, რომელიც პოლონეთის დიგიტალურ საქმეთა მინისტრის პოსტსაც ითავსებს. Reuters-ი აღნიშნავს, რომ Starlink-ის მფლობელი კომპანია, SpaceX-ი, ჯერჯერობით არ გამოხმაურებია კომენტარზე თხოვნას. სააგენტოს პასუხი არც უკრაინის არმიის წარმომადგენლებისგან მიუღია. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ პოლონეთმა უკრაინას მიაწოდა Starlink-ის 20 000 ერთეული და მას შემდეგ აფინანსებს ამ ერთეულების მუშაობას, საინტერნეტო კავშირის უზრუნველსაყოფად - ეს ინფორმაცია პოლონეთის პრეზიდენტის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, მას Reuters-ი გაეცნო. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში 22 თებერვალს პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს - იმ ფონზე, როცა ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის უთანხმოება შეშფოთებას იწვევს კიევის ევროპელ მოკავშირეებს შორის. ასევე ნახეთ Reuters: აშშ-მა შესაძლოა უკრაინას Starlink-ზე წვდომა შეუწყვიტოს, მინერალების საკითხის გამო ...