დღეს, 23 თებერვალს, გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში მმართველი კოალიცია დაიშალა. მთავარი კანდიდატები არიან მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლცი (სოციალ-დემოკრატიული პარტია) და ფრიდრიხ მერცი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი). გამოკითხვების მიხედვით, მერცის პარტია ლიდერობს დაახლოებით 30%-იანი მხარდაჭერით, ხოლო ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) შესაძლოა მეორე ადგილზე გავიდეს 20%-მდე მხარდაჭერით. საარჩევნო უბნები დილის 8:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე იქნება ღია. ხმის მიცემა შესაძლებელია როგორც პირადად, ასევე ფოსტის მეშვეობით. ამომრჩევლებს, რომლებსაც ფოსტის მეშვეობით სურთ ხმის მიცემა, წინასწარ უნდა მოითხოვონ შესაბამისი დოკუმენტები და უზრუნველყონ მათი დროული გაგზავნა. ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, საღამოს 18:00 საათიდან დაიწყება ბიულეტენების დათვლა, ხოლო პირველადი შედეგები იმავე საღამოს გახდება ცნობილი. ასევე ნახეთ ბუნდესტაგის არჩევნები გერმანიაში - ვინ არიან კონკურენტები და რა შანსები აქვთ შოლცის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) სამი ძირითადი კონკურენტი ჰყავს: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ბლოკი (CDU-CSU), ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და „მწვანეები“ (GRÜNE). ბუნდესტაგის [პარლამენტის ქვედა პალატა] არჩევნებისთვის პარტიები წინასწარ წარადგენენ კანდიდატებს კანცლერის პოსტისთვის; არჩევნების შემდეგ, შედეგებისა და მიზნების მიხედვით, ყალიბდება მმართველი კოალიცია; კანცლერად არჩევის რეალური შანსი აქვს კოალიციაში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის კანდიდატს; ახალი ბუნდესტაგი კანცლერს [მთავრობის ხელმძღვანელი] ხმების აბსოლუტური უმრავლესობით აირჩევს. ამის შემდეგ, ის დაიწყებს მთავრობის დაკომპლექტებას; ბუნდესტაგში ხვდებიან პარტიები, რომლებიც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ. არჩევნებზე საკმაოდ მაღალ შედეგს უწინასწარმეტყველებენ ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე პარტიას - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მაგრამ ის, დიდი ალბათობით - ძალაუფლების სადავეებთან არ აღმოჩნდება, რადიკალური მიდგომებისა და ბუნდოვანი იმიჯის გამო. ...